სურსათის უვნებლობა და მასთან დაკავშირებული გამოწვევები საქართველოში


სამოცდახუთი წლის პენსიონერი მანანა პარკოსაძე ხორცს ყოველთვის ბაზარში, ნაცნობ ყასაბთან ყიდულებს. პროფესიით ბიოლოგი ამბობს, რომ მისთვის კარგად არის ცნობილი რა საფრთხეებთანაც არის დაკავშირებული დაბინძურებული საკვები პროდუქტის მოხმარება, თუმცა თვლის, რომ ამის რისკი არცთუ ისე მაღალია.     

„ხორცს სულ ერთსა და იმავე მეხორცესთან ვყიდულობ,“ – ამბობს ის. „მართლია, მას შეიძლება არ ჰქონდეს პროდუქტის წარმომავლობის დამადასტურებელი საბუთები, მაგრამ მაინც ვენდობი, უკვე წლებია ამ ბაზარში მუშაობს. გარდა ამისა, სუპერმარკეტებთან შედარებით, ფასში დაახლოებით სამიდან ხუთ ლარამდეა სხვაობა, ნაჭერს გააჩნია, ამიტომ აქ ყიდვა უფრო მაწყობს.“  

პარკოსაძის მსგავსად, საქართველოში ბევრს ურჩევნია პროდუქტების ბაზარში შეძენა, რადგან მათი აზრით მცირე მეწარმის მიერ წარმოებული პროდუქტი უფრო ხარისხიანია. საქართველოში, სადაც დაახლოებით 350 000 საოჯახო მეურნეობაა და თითოს მინიმუმ ერთი საქონელი მაინც ჰყავს, სოფლად წარმოებულ პროდუქციას საკმაოდ კარგი გასავალი აქვს.    

თუმცა, ისინი, ვისი წარმოებაც მხოლოდ მცირე მასშტაბებს მოიცავს შიშობენ, რომ ახალი კანონმდებლობა, რომელიც შემდეგი წლიდან შედის ძალაში, კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებს მათ საქმიანობას. ამჟამად, მხოლოდ დარეგისტრირებულ მეწარმეებს აქვთ ვალდებულება დააკმაყოფილონ სურსათის უვნებლობის სტანდარტები და გაიარონ შემოწმება.   

2020 წლიდან, საქართველოს ევროკავშირის სტანდარტებთან დაახლოების პროცესის ფარგლებში, ახალი რეგულაციები შეეხება მცირე მეწარმეებსაც. ისინი უნდა დარეგისტრირდნენ გადასახადების გადამხდელებად.   

დარგში დიდი ხნის გამოცდილების მქონე მეწარმეები ირწმუნებიან, რომ ახალი რეგულაციები ფასებს გაზრდის. მეცხვარეთა ასოციაციის თავმჯდომარე ბექა გონაშვილი აცხადებს, რომ ბევრი ფერმერი ვეღარ გააგრძელებს საქმიანობას, რადგან ვერ შეძლებს გაზრდილი ხარჯების დაფარვას. მაგალითად, მხოლოდ ლაბორატორიული შემოწმება დაახლოებით 300 ლარი ჯდება.    

„თუ ფერმერი ვერ დააკმაყოფილებს პროდუქციის წარმოების სტანდარტებს, ის საქონელს ბაზარში ვერ გაყიდის,“ – ამბობს გონაშვილი. „გარდა ამისა, მისგან საქონელს ვერ იყიდიან ვერც მსხვილი მწარმოებლები, ამიტომ, მათ ან უნდა შექმნან ისეთი საწარმოები, რომლებიც სურსათის უვნებლობის ყველა სტანდარტს დააკმაყოფილებს ან მოუწევთ საქმიანობის შეწყვეტა, რაც უფრო სავარაუდოა. რასაკვირველია, ეს რეგულაციები მათ დააზარალებს.“

იმავეს ფიქრობს ვალერი თორგვაშვილი, თაფლის მწარმოებელი პანკისიდან.

„როდესაც საქმე ეხება თაფლს, მნიშვნელოვანია იმის გათვალისწინება, რომ ქართული ბაზარი გაჯერებულია ამ პროდუქტით, ამიტომაც ფასი ზოგჯერ ძალიან დაბალია,“ – ამბობს ის. „ახალი რეგულაციების შემოღებით, მწარმოებლებს დამატებითი ხარჯის გაწევა მოუწევთ, რაც შემდეგ პროდუქტის ფასზეც აისახება. როდესაც მცირე  წარმოების მქონე ფერმერს პროდუქციის წარმოებისთვის დამატებითი ხარჯის გაწევა და მაღალი გასაყიდი ფასის დადება უწევს, ის მოგებას ვერ იპოვის, ამიტომ პროდუქციის წარმოებას აზრი ეკარგება.“ 

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში შედარებით იშვიათად აღინიშნება სურსათით გამოწვეული სერიოზული დაავადებები, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ანგარიშის მიხედვით, საქართველოში 2017-2018 წელს ყოველ 100 000 მოსახლეზე გამოვლინდა: ჯილეხის 60 შემთხვევა, აქედან ორი ფატალური შედეგით დასრულდა; ბრუცელოზის 394 შემთხვევა და სალმონელოზის 232 შემთხვევა.

უწყების მონაცემებით, ნაწლავური ინფექციის  – ძირითადად საკვებით მოწამვლის – 51,400 შემთხვევა დაფიქსირდა 2017 წელს, რაც 2015 წელთან შედარებით შემცირებულია – ამ წელს დარეგისტრირდა 66 000 შემთხვევა, თუმცა რეალური ციფრები, სავარაუდოდ, უფრო მაღალია.

საქართველოს მთავრობის დადგენილებით, მეწარმეების და პროდუქციის შემოწმებას სურსათის ეროვნული სააგენტო (სეს) ახორციელებს, რაც 2014 წელს საქართველოს ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების ნაწილია.