თამარ ყიფიანი - ახალგაზრდა მხატვარი სოფელ ზღუდერიდან


თამარ ყიფიანი, მხოლოდ 17 წლისაა მაგრამ მიუხედავად ამისა, მან ჯერ კიდევ სამი წლის ასაკში თვითგამოხატვის და პროტესტის საშუალებად აირჩია ხატვა. როგორც თვითონ ამბობს: “მაშინ, როდესაც წარსულში ვიხედები ჩემთვის ყველაზე ძვირფასი მოგონებებიც კი გაფერმკრთალებულია, თუმცა დარწმუნებული ვარ, არასოდეს გაქრება ის პირველი აღტაცება, რომელიც დამეუფლა დაახლოებით სამი წლის ასაკში, მაშინ პირველად დავხატე სახე და გავაანალიზე, რომ ეს სახე ჩემი შექმნილი იყო, ამის შემდეგ, საიდუმლოდ დამყვება გრძნობა, რომ მე საჩუქარი მაქვს...”

თამარი საკუთარი თავისგან მაქსიმუმს ითხოვს. ხანდახან იმდენად მომთხოვნია, რომ ტანჯავს და ტკივილს აყენებს საკუთარ სხეულს. შეიძლება ერთი ნახატი ჯანმრთელობის ფასადაც კი დაუჯდეს. ეს ყველაფერი იმიტომ, რომ იდეალურობისაკენ მიისწრაფვის. ის რვა - ცხრა საათის განმავლობაში ხატავს შეუსვენებლად, რაც ორგანიზმს ყველანაირად ასუსტებს და ფიტავს. ამ ყოველდღიურობას ისიც ახლავს თან, რომ ზოგჯერ ჭამა და წყლის დალევა ავიწყდება. მას შემდეგ კი, როდესაც ნახატს ასრულებს ყველა ძვალი ისე სტკივა, თითქოს ძალიან ბევრი ირბინაო. სულიერი დაძაბულობა ამ რუტინის თანმდევია. მოგეხსენებათ, რომ ხაზის სისწორე და ჩრდილების კონტროლი საკმაოდ შრომატევადი ამბავია. სწორედ ამიტომ ხშირად ცდილობს გაექცეს ამ სამყაროს… “ჩემთვის სრულყოფილი სამყარო მხოლოდ სულის იდუმალ ადგილებში არსებობს, რეალობაში განხორციელებული კი უბრალოდ მახინჯდება.” - ამბობს იგი.

დღეს თამარი ხშირად ხატავს ადამიანურ გრძნობებს და ფიქრობს, რომ ემოცია უნდა იყოს; ყოვლისმომცველი, ღრმა და იდუმალი. და რომ არა ხატვა, იგი ამის გარეშე დაიკარგებოდა. მისი სიცოცხლე კი მასთან ერთად გაქრებოდა. ხატვა 17 წლის გოგონასათვის თვისუფლებაა, ის მას აძლევს საშუალებას, რომ უფრთოდ შეძლოს ფრენა.

ახალგაზრდა მხატვარი იმასაც გვიამბობს, რომ მისი გარდატეხა თურმე ერთ - ერთმა კონკურსმა გამოიწვია, სადაც უნახავს რეალისტური ნამუშევრები. მაშინ ჯერ კიდევ პატარა ყოფილა, მაგრამ გული დიდი მიზნებით მაშინაც ჰქონია სავსე. ახლა კი, როდესაც ხედავს, რომ ადამიანები გრძნობენ მის ნამუშევრებს და ხედავენ ნახატში არსებულ სულს, ბედნიერია.

თამარს მონაწილეობა აქვს მიღებული უამრავ კონკურსში. მაგალითად, ისეთი როგორიცაა: „გაყინული ემოცია“ აქ აიღო პირველი ადგილი და მეორე დღესვე, თბილისის სამეცნიერო ბიბლიოთეკაში მოეწყო მისი პერსონალური გამოფენა. იგი აგრეთვე გახლავთ დამწყები პროზაიკოსი მისი ნოველა დაიბეჭდა პროექტ: „ახალგაზრდა ხელოვანის“ მიერ შექმნილ წიგნში. მომდევნო წელს, ამავე კონკურსში, ისევ მიიღო მონაწილეობა უკვე ხატვის განხრით და ახლა მისი ნამუშევარი დაიბეჭდა სამაგიდო კალენდრის ყდაზე. თამარს ახლახანს ასევე ჰქონდა ონლაინ გამოფენა სამცხე - ჯავახეთის უნივერსიტეტის მუზეუმში. რამაც ხალხი კიდევ ერთხელ აღაფრთოვანა. მიუხედავად მხატვრის მცირე ასაკისა მისგან ხშირად იღებენ ინტერვიუებს სხვადასხვა ტელევიზიები.

თამარი წელს აბიტურიენტია და საოცნებო პროფესიაც უკვე აირჩია. უნდა ფსიქოლოგი გახდეს, რადგან მიიჩნევს, რომ საკუთარი ხატვის სტილი უკვე იპოვა. ახლა ამ სტილის და ამ ნიჭის განვითარებაღა დარჩა. ფსიქოლოგიის პროფესია მას დაეხმარება ადამიანების სულიერი მდგომარეობის უკეთ შესწავლაში, ეს მისცემს იმის საშუალებას, რომ მათი ემოციები და განცდები უკეთ გადმოცეს საკუთარი ნახატებით.



ავტორი : ანი გულბათაშვილი