ეკატერინე მიქაბაძე: ვაქცინაცია უალტერნატივო გამოსავალია ჩვენი თანამოქალაქეების სიცოცხლის გადასარჩენად


ჩავიტარე აცრა „სინოფარმის“ ვაქცინით. ვაქცინაცია უალტერნატივო გამოსავალია ჩვენი თანამოქალაქეების სიცოცხლის გადასარჩენად. ეს აუცილებელია იმისათვის, რომ სრული მასშტაბით აღდგეს ჩვენი ეკონომიკა, ჩვენი ტურიზმი და ეკონომიკური აქტივობა, რათა დავუბრუნდეთ იმ დადებით ტენდენციებს, რაც პანდემიამდე იყო საქართველოში, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველმა მოადგილემ ეკატერინე მიქაბაძემ, რომელიც „სინოფარმის“ ვაქცინით ქარელში აიცრა.

ეკატერინე მიქაბაძის განცხადებით, ქვეყნის ეკონომიკის სრული მასშტაბით აღდგენისთვის ერთადერთი გამოსავალი ვაქცინაციაა.

„კოვიდინფექცია არ გადამიტანია. იმისთვის, რომ ამ ვირუსისგან ბოლომდე შევძლო თავის დაცვა, მივიღე ვაქცინაციის გადაწყვეტილება. სპეციალურ პორტალზე ქარელში დავრეგისტრირდი და ვაქცინაცია ჩავიტარე „გორმედის“ ქსელის ქარელის კლინიკაში, სადაც საუცხოო სიტუაცია დამხვდა. თავს კარგად ვგრძნობ. მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო სამედიცინო პერსონალს მაღალი პროფესიონალიზმისათვის“, - განაცხადა ეკატერინე მიქაბაძემ.