"სიტუაცია, მოვლენები, პროცესები უნდა გავხადოთ პროგნოზირებადი" - ღარიბაშვილი



სიტუაცია, მოვლენები, პროცესები უნდა გავხადოთ პროგნოზირებადი, პროგნოზირებადობის ან განჭვრეტადობის გარეშე, რა თქმა უნდა, ძალიან რთული იქნება, დაგეგმო შემდგომი ნაბიჯები ქვეყანაში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „ქართული ოცნების“ ქარელის მერობის კანდიდატის, ზაზა გულიაშვილის წარდგენისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, თითოეული ადამიანისთვის, მნიშვნელობა არ აქვს ადამიანის პროფესიას, ძალიან მნიშვნელოვანია სტაბილურობის განცდა, ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ უნდა გაჩნდეს გრძელვადიანი სტაბილურობის განცდა.

„უაღრესად დიდი მნიშვნელობა აქვს პოლიტიკურ სტაბილურობას და, რა თქმა უნდა, ეკონომიკურ სტაბილურობას. ჩვენ დავასრულეთ ომების და რევოლუციების დრო, ჩვენ დავასრულეთ, ჩვენმა ხელისუფლებამ, ეს არის პირადად ბიძინა ივანიშვილის და „ქართული ოცნების“ დამსახურება, რომ ქვეყანაში გრძელვადიანი მშვიდობა დასადგურდა. ომმა რა ნგრევაც მოიტანა, კარგად ვიცით და რაც ვნახეთ ომის პერიოდში და როგორც იმართა ქვეყანა, თუ ამას მართვა ჰქვია. იმ მართლაც ეროვნული დონის კრიზისის დროს, როცა ჩვენი გმირი ჯარისკაცები, გმირულად იღუპებოდნენ, მათ შორის თავი გაწირეს და ძალიან დიდი გმირობა გამოიჩინეს, მათ შორის სამოქალაქო პირებმა, მაშინაც ვნახეთ ყოფილი ხელისუფლების რეალური სახე. ამიტომაც მეგობრებო, ჩვენი ხალხი ბრძენია, ყველაფერს კარგად ხედავს და კარგად ესმის და სწორ არჩევანს გააკეთებს. ხალხი არჩევს შავს და თეთრს, სიმართლეს და სიცრუეს, ერთგულებას და ღალატს ამიტომ, 2 ოქტომბერს ჩვენ ყველანი მობილიზებულად მივალთ და ჩავატარებთ ძალიან მშვიდობიან, დემოკრატიულ არჩევნებს და არავის არ მივცემთ პროვოკაციის მოწყობის საშუალებას, გავიმარჯვებთ, გაიმარჯვებს ჩვენი ქვეყანა და გავაგრძელებთ მშვიდობიან განვითარებას“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მთავრობის მეთაურმა ქვეყანაში არსებულ პოზიტიურ ეკონომიკურ ტენდენციებზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, ეკონომიკის განვითარების დინამიკა იმედისმომცემია.