ღარიბაშვილი : უამრავი გადამამუშავებელი საწარმოები დაფინანსდა მთელი ქვეყნის მასშტაბით და ქარელი ამ მხრივ გამორჩეულია



მშვიდობა და სტაბილურობა არის მთავარი მონაპოვარი და თავისუფლება ზოგადად ჩვენი მოქალაქეების, რაც პირველმა ოქტომბერმა მოიტანა და განვითარება ყველა მიმართულებით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „ქართული ოცნების“ ქარელის მერობის კანდიდატის, ზაზა გულიაშვილის წარდგენისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, მნიშვნელოვანი პროგრესია მიღწეული არაერთი მიმართულებით, მათ შორისაა ინფრასტრუქტურა, გზების, ხიდების მშენებლობა, წყალგაყვანილობის პროექტები, ირიგაციის, სამელიორაციო სისტემების აღდგენის პროექტები, სოფლის მეურნეობის პროგრამები და პროექტები, რომელიც წარმატებულად მუშაობს.

„ძალიან ბევრმა ადამიანმა ისარგებლა სახელმწიფო პროგრამებით, ათასობით ჰექტრობით მიწები გაშენდა, გავაშენეთ მრავალწლოვანი კულტურები, ხეხილი, ბაღები და უამრავი საწარმო და მათ შორის გადამამუშავებელი საწარმოები დაფინანსდა მთელი ქვეყნის მასშტაბით და ქარელი ამ მხრივ გამორჩეულია. 2 მილიარდზე მეტია დახარჯული ბოლო წლების განმავლობაში სოფლის მეურნეობის მიმართულებით. რაც შეეხება ზოგადად ადგილობრივი წარმოების მიმართულებას, პროგრამით, როგორიც არის "აწარმოე საქართველოში", ასობით პროექტი დაფინანსდა და კიდევ უფრო მეტს დავაფინანსებთ. ახლა ჩვენ ვიწყებთ მასშტაბურ პროექტებს. ჩვენი მთავარი გამოწვევა არის სიღარიბე და უმუშევრობა და სწორედ ამ მთავარი მიზნის, მთავარი პრობლემის დაძლევაზე არის მორგებული ყველა ის პროგრამა და გეგმა, რომელიც ჩვენ შევიმუშავეთ. 2 მილიარდ 500 მილიონი ლარის ინვესტიციას ვგეგმავთ მთავრობა და ბიზნესი იმისთვის, რომ ადგილობრივი წარმოება განვავითაროთ. ადგილობრივი წარმოების და სოფლის მეურნეობის განვითარება არის გამოსავალი ამ სიტუაციაში“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

პრემიერის თქმით, შესწავლილია თითოეული რეგიონის და მუნიციპალიტეტის პოტენციალი და რესურსი და პროგრამები რეგიონების მიხედვით თანაბრად გადანაწილდება.